დიდ სურათზე დაკვირვება ბიზნეს საქმიანობის სტაბილურობისა და მდგრადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია, ყოვედღიური საოპერაციო საქმიანობა კი მიზნებისკენ მიმავალი გზა. წინა ბლოგში ჩვენ ვისაუბრეთ მიკრო გარემოზე, დღეს კი მაკრო გარემოზე და ბიზნესში მის როლზე გესაუბრებით.
მაკრო გარემო გარე და უკონტროლო ფაქტორებს ეხება, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიღებაზე. კომპანია არ მუშაობს მარტო თავის ბიზნეს გარემოში, ის უფრო ფართო კონტექსტში მოქმედებს. იგი შედგება ძალებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაძლებლობებს, მაგრამ ამავე დროს საფრთხეს უქმნიან კომპანიას.
მაკრო გარემო ექვსი კომპონენტისგან შედგება:
1) დემოგრაფიული
2) ეკონომიკური
3) ბუნებრივი
4) ტექნოლოგიური
5) პოლიტიკური
6) კულტურული
აღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია რომ კომპანიათა მმართველმა რგოლმა თითოეული გადაწყვეტილება დაგეგმილად, სცენარების ანალიზისა და რიგი დაშვებების შემდეგ მიიღოს.
არსებობს შემთხვევები როცა წარუმატებლობა არა არასწორი შესრულების, არამედ არასწორი დაგეგმვის შედეგად გვევლინება ხოლმე, თუმცა აღნიშნულ დაშვებებშიც არსებობს დაბალი და მაღალი ალბათობა კონკრეტული ფაქტის დადგომის.
ბიზნესში, შესაძლო სცენარების მაქსიმალურად დეტალური განხილვა, გვიმცირებს უარყოფითი შედეგის დადგომის რისკს ან/და მისი არიდების თუ მასთან გამკლავების მექანიზმს გვთავაზობს, ეს კი რისკის დადგომისას, მის ფასსა და შესაბამისად ნეგატიურ გავლენას ამცირებს.
მოდით განვიხილოთ თითოეული კომპონენტი:
დემოგრაფიული გარემო
დემოგრაფია შეიძლება განისაზღვროს, როგორც მოსახლეობის შესწავლა.
ასაკის, ადგილმდებარეობის, სქესის, რასის, პროფესიის და სხვა სტატისტიკის კონტექსტში. მარკეტერებს განსაკუთრებული ინტერესი აქვთ დემოგრაფიული გარემოს მიმართ, რადგან ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული დამოკიდებულება, ქცევა, სტერეოტიპი განსაზღვრავს პოზიციონირების გარკვეულ მიმართულებას, რაც გარკვეულწილად აერთიანებს ორ კომპონენტს, დემოგრაფიულსა და კულტურულს. როგორც წესი დიდი და მრავალფეროვანი დემოგრაფია ბიზნესს როგორც შესაძლებლობებს, ასევე გამოწვევებს სთავაზობს.
ეკონომიკური გარემო
ეკონომიკური გარემო შედგება ფაქტორებისგან, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობაზე, ისევე როგორც ხარჯვით ქცევაზე. მაგალითად, არ არის მიზანშეწონილი, რომ კომპანიამ დაიწყოს თავისი საქონლის ექსპორტი ქვეყანაში, სანამ არ შეისწავლის მოქალაქეების ხარჯვის სქემას. მნიშვნელოვანი ეკონომიკური კრიტერიუმები მოიცავს ისეთ მაჩვენებლებს როგორებიცაა: მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი), GNI (Gross National Income), იმპორტის გადასახადის განაკვეთს, უმუშევრობას, ინფლაციას, ხარჯვით ქცევას და ასევე განკარგვად პერსონალურ შემოსავალს.
ბუნებრივი გარემო
ეს ეხება ბუნებრივ რესურსებს ან ფიზიკურ გარემოს, რომელიც საჭიროა მარკეტინგისთვის, ან რომელზედაც გავლენას ახდენს მარკეტინგული აქტივობები. ეკოლოგიური პირობები გახდა გადამწყვეტი ფაქტორი, რადგან გარემოსდაცვითი საზრუნავი ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა. მაგალითად, ჰაერისა და წყლის დაბინძურება, წყალდიდობა, გვალვა და ა.შ. ეს ერთგვარად გახდა სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი.
ტექნოლოგიური გარემო
ტექნოლოგიას აქვს გადამწყვეტი გავლენა მაკრო გარემოში. ორგანიზაცია სანამ რაიმე მარკეტინგულ საქმიანობაში ინვესტირებას განახორციელებს უნდა ჩაატაროს საფუძვლიანი კვლევა ტექნოლოგიების გავრცელებისა და გამოყენების შესახებ. კომპანიას უნდა ჰქონდეს გააზრებული ტექნოლოგიის გავლენა, ასევე მომხმარებლის ინტერფეისის ტექნოლოგია და შესაბამისად შეადგინოს გეგმები მათი კომუნიკაციისა და კამპანიებისთვის.
პოლიტიკური გარემო
პოლიტიკურ გარემოში განვითარებული მოვლენები ძლიერ გავლენას ახდენს ბიზნეს გადაწყვეტილებებზე. პოლიტიკური გარემო მოიცავს კანონებს და მის ცვლილებას, სამთავრობო უწყებების მოქმედებასა და გადაწყვეტილებებს, მათ ქცევას შეუძლია გავლენა მოახდინონ ან შეზღუდონ სხვადასხვა ინდივიდებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობა.
კულტურული გარემო
კულტურული გარემო უკავშირდება ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ საზოგადოების ძირითად ღირებულებებზე, უპირატესობაზე, აღქმასა და ქცევაზე. ორგანიზაციებმა უნდა გააცნობიერონ საზოგადოებაში გავრცელებული კულტურული რწმენა და პრაქტიკა მარკეტინგული გადაწყვეტილების მისაღებად. უცხო კულტურების გაგებაში რაიმე წარუმატებლობამ შეიძლება გამოიწვიოს მრავალი შეცდომა. მაგალითად, სიმბოლოს, რომელსაც აქვს დადებითი მნიშვნელობა ერთ კულტურაში, შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი მნიშვნელობა მეორეში. დასასრულს უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი მარკეტინგული კამპანიის წარმატება დიდად არის დამოკიდებული მიკრო და მაკრო გარემო ფაქტორებზე. ეს ფაქტორები სტრატეგიულ მარკეტერს სიღრმისეულად უნდა ჰქონდეს გაანალიზებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად. ამ ფაქტორების გათვალისწინებამ შეიძლება გაზარდოს ნებისმიერი ორგანიზაციისთვის მარკეტინგული კამპანიის წარმატების მაჩვენებლები, ასევე გაზარდოს ბრენდის რეპუტაცია გრძელვადიან პერსპექტივაში.
შემდეგ ბლოგში გესაუბრებით „იდეიდან-შედეგამდე“ ანუ რა არის სტარტაპი და როგორია მისი საოპერაციო და ფინანსური მხარე.